როგორც ვთქვით, იმხანად ქართლს კეთილმორწმუნე ხელმწიფე აშოტ კურაპალატი მართავდა. როდესაც მან გრიგოლის მოღვაწეობის ამბავი შეიტყო, მყისვე მასთან შეხვედრა მოინდომა.
სასახლეში მისულ გრიგოლს ხელისუფალნი დიდი პატივით შეხვდნენ. წინდა მამამ დალოცა აშოტ კურაპალატი და მისი ოჯახი. მეფემ ხანძთის მონასტერს სახნავ-სათესად შატბერდის საუკეთესო მიწები შესწირა, მისმა შვილებმა კი სხვა მრავალი შესაწირი.
გამუდმებით ზრუნავდა გრიგოლი ხელმწიფისა და მისი შვილების სულიერ ცხოვრებაზე.
ერთხელ აშოტ კურაპალატი ეშმაკმა აცდუნა და მან დედოფლის სასახლეში უზნეო დედაკაცი მიიყვანა. როდესაც გრიგოლმა ეს ამბავი შეიტყო, ფრიად შეწუხდა და პირისპირ ამხილა მეფე.
ხელმწიფემ აღუთქვა, რომ დაემორჩილებოდა მის თხოვნას, მაგრამ ვერ გაუმკლავდა ცდუნებას და უზნეო ქალი სასახლეში დატოვა. მაშინ გრიგოლმა დრო შეარჩია, როდესაც აშოტ კურაპალატი წასული იყო და არტანუჯის ციხისკენ გაემართა.
გრიგოლმა კაცი გაუგზავნა შეცდენილ ქალს და თავისთან იხმო. წმინდა მამის სტუმრობით გახარებული დედაკაცი თავის ორ მხევალთან ერთად მყისვე ეახლა მას. გრიგოლმა გზააცდენილი ქალისგან თავი შორს დაიჭირა და ასეთი საქციელის გამო უსაყვედურა. შეწუხებული ქალი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ შეყვარებული მეფის ნებას წინ ვერ აღუდგა. მაშინ გრიგოლმა მიუგო:
- შვილო ჩემო, დაემორჩილე ჩემს სიტყვას და მე გიშუამდგომლებ უფალთან, რათა შეცოდებანი შეგინდოს.
- წმინდაო მამაო, შენს ხელთაა ჩემი სული და გთხოვ, იზრუნო ჩემზე. - უპასუხა დარცხვენილმა ქალმა.
გრიგოლმა იგი მერეს მონასტერში წაიყვანა და დედა ფებრონიას ჩააბარა.
დაბრუნდა სახლში კურაპალატი და საყვარელი ქალი ვეღარსად ნახა. გახელებული მეფე მიხვდა, რაც მომხდარიყო და მყისვე მერეს მონასტერს მიაშურა. დედა ფებრონიამ ხელმწიფეს ქალი დაუმალა. მაშინ იმედგაცრუებულმა კურაპალატმა მონაზვნის მოტყუება სცადა. ფებრონიამ ტყუილში ამხილა ხელმწიფე, რომელიც თავისი უღირსი საქციელის გამო დარცხვენილი იდგა მის წინაშე:
- ნეტავ მას, ვინც ცოცხალი აღარ არის. - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა მეფემ და იქაურობას განშორდა.
განსაკუთრებული მწუხარებით შეხვდა გრიგოლი აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას. აი, ასეთი სიტყვებით გააცილა მან ხელმწიფე მარადიულ სასუფეველში:
- მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანთაო.
22222222
ვარიანტი
------------------------------------------------------
წმინდა ხელმწიფე აშოტ კურაპალატმა მრავალი ქვეყანა დაიპყრო და ააშენა ციხესიმაგრე არტანუჯი დედოფლის სადგომად და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა მრავალი წლის მანძილზე.
მაგრამ აცდუნა ეშმაკმა ხელმწიფე და მოიყვანა მან არტანუჯის ციხეში მეძავი. როდესაც შეიტყო გრიგოლმა ეს სულის გამხრწნელი ამბავი, მეტად შეწუხდა და პირისპირ ამხილა ხელმწიფე, ხოლო კურაპალატმა აღუთქვა გრიგოლს, რომ ცოდვას დააგდებდა და დედაკაცს გააგზავნიდა იქ, საიდანაც მოიყვანა.
ვერ შეასრულა დანაპირები ხელმწიფემ, რადგან გულისთქმას დაემონა, ხოლო ნეტარმა გრიგოლმა მარჯვე დრო შეარჩია, როდესაც კურაპალატი არტანუჯიდან შორს იყო, ერთ დღესაც შატბერდიდან წავიდა და შებინდებისას მივიდა ციხესთან.
მან კაცი გაუგზავნა დედაკაცს საჭმლის სათხოვნელად და იქ გაჩერების მიზეზი შეუთვალა. გაიხარა დედაკაცმა და მრავალგვარი საკვები გასცა წმინდანისთვის და მისი მოწაფეებისთვის.
როდესაც გათენდა, კვლავ გაუგზავნა კაცი, რათა ქალი გრიგოლის სანახავად მოსულიყო. მაშინ კიდევ უფრო გახარებული ქალი ორ მხევალთან ეთად გრიგოლს ეახლა, რათა ღირსი გამხდარიყო მისგან პირჯვრის გადასახვისა.
გრიგოლმა არ გადასახა ჯვარი, არამედ მოშორებით დაჯდომა უბრძანა. მოძღვრის თვალით ნიშნებისთანავე მისი მოწაფეებიც განზე გადგნენ, ასევე მოიქცნენ მსახური ქალები, რადგან ყველას მოჰფენოდა წმინდანის შიში, მაშინ უთხრა მათ ნეტარმა გრიგოლმა:
- ჰოი, საცოდავო, რატომ ჩამდგარხარ ცოლ-ქმარს შორის, შენი სულის საუკუნოდ დასაღუპად. ამაო მიზეზის გამო დიდი ხელმწიფის მაცდუნებლად ქცეულხარ?1
ხოლო ქალმა ტირილით მიუგო:
- წმინდაო ღმრთისაო, მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, რადგან კურაპალატს გაგიჟებით ვუყვარვარ და ახლა აღარ ვიცი, რა ვქნა, რადგან შენმა ნათქვამმა მეტად შემაშინა.
ხოლო გრიგოლმა უთხრა:
- შვილო, სრულიად დაემორჩილე ჩემს სიტყვებს და მე გიშუამდგომლებ ქრისტესთან, რათა მან თავად შეგინდოს ცოდვები.
ხოლო ქალმა თქვა:
- წმინდა მამაო, შენს ხელთ ვარ, როგორც უმჯობესია ჩემი სულისთვის, ისე იზრუნე.
მაშინღა დასწერა გრიგოლმა ქალს ჯვარი და და დალოცა და მისცა საკუთარი ფეხსაცმლის ზონარი, რათა წელზე შემოერტყა. ქალმა შემოირტყა სარტყელი. ხოლო გრიგოლმა იგი მერეს მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბარა, რადგან თავიდანვე მის მიყვანას დედა ფებრონიასთან ფიქრობდა.
როგორც კი კურაპალატი არტანუჯში დაბრუნდა, ქალი მოიკითხა. რომ ვერ ნახა და შეიტყო ყოველივე მომხდარი, მეტად შეწუხდა. რადგან ხელმწიფე რაიმე ადამიანური ცდუნებით კი არ იყო ტრფიალების მახეში გაბმული, არამედ ეშმაკის ხრიკებით იყო ძლეული, ამიტომაც თავმოყვარეობა დაივიწყა და მაშინვე მერეს მონასტერში წავიდა.
ნეტარმა ფებრონიამ დამალა დედაკაცი. როდესაც ღვთისმშობლი სახელობის ეკლესიაში კურაპალატმა ილოცა და მიიღო დედა ფებრონიასგან კურთხევა, თქვა:
- იცი, დედაო, რისთვის მოვედი?
ხოლო ფებრონიამ თქვა:
- უფალმა იცის, რისთვისაც ბრძანდები აქ.
ხელმწიფემ თქვა:
- იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი სასახლის საგანძურის მცველი ქალი, რომლის ხელთ იყო მთელი ქონება, მამა გრიგოლს აქ წამოუყვანია, ბევრი განძი დაგვაკლდა, უბრძანე, რომ ერთხელ სასახლეში მოვიდეს და ყველაფერი თვლით ჩაგვაბაროს და შემდეგ ისევ თქვენთან დაბრუნდეს, როგორც უნდოდეს.
ხოლო ფებრონიამ უთხრა მეფეს:
- კაცთა ცოდვების მიზეზთა ძიება კვლავ უფრო დიდი ცდუნებაა.
როდესაც კურაპალატმა ეს გაიგო, შერცხვა სამართლიანი საყვედურის გამო და კარგახანს დადუმდა, როგორც ძლეული, რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს, სულიერად ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს, საღმრთო შურით აღჭურვილებმა. ხოლო შეწუხებულმა კურაპალატმა გულისტკივილით თქვა:
- ნეტა იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის!
სწრაფად ადგა ხელმწიფე და წასვლა დააპირა, ხოლო დედა ფებრონია მშვიდად ეპატიჟებოდა, სტუმრად დარჩიო, რადგან არ დაემორჩილა მას.